განმეორებითი ტედინსპექტირება - სრული გზამკვლევი
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (PTI) საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. თუ პირველადი ინსპექტირებისას ავტომობილზე ხარვეზი გამოვლინდა, კანონმდებლობა მფლობელს განმეორებითი ინსპექტირების გავლის ვალდებულებას აკისრებს.
წინამდებარე სტატია დაწვრილებით განმარტავს, თუ რას გულისხმობს განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება, რა ვადებია დაწესებული გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და როგორ მიმდინარეობს ეს პროცედურა.
რას მოიცავს განმეორებითი ინსპექტირება?
განმეორებითი ინსპექტირება წარმოადგენს პროცედურას, რომლის მიზანია პირველადი ინსპექტირებისას გამოვლენილი და ანგარიშში ასახული 'მნიშვნელოვანი' ან/და 'სახიფათო' ხარვეზების ხელახალი შემოწმება. ამ ეტაპზე დგინდება, სრულად არის თუ არა აღმოფხვრილი გამოვლენილი შეუსაბამობები და აკმაყოფილებს თუ არა სატრანსპორტო საშუალება საქართველოს მთავრობის №510 დადგენილებით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
№510 დადგენილების მიხედვით, ტექნიკური ინსპექტირებისას გამოვლენილი ხარვეზები იყოფა სამ კატეგორიად:
უმნიშვნელო ხარვეზი: - შეუსაბამობა, რომელიც არსებით გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ან გარემოზე. ასეთი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ტექნიკური ინსპექტირება დადებითად ჩაითვლება, ხოლო ინსპექტირების ანგარიშში მითითებული ხარვეზი ავტომობილის მფლობელმა მომდევნო სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებამდე უნდა აღმოფხვრას.
მნიშვნელოვანი ხარვეზი: გაუმართაობა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე, გარემოზე ან საფრთხე შეუქმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. ასეთი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის.
სახიფათო ხარვეზი: კრიტიკული კატეგორიის შეუსაბამობა, რომელიც ქმნის პირდაპირ და მყისიერ საფრთხეს საგზაო უსაფრთხოებისთვის ან მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე. ასეთი ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ავტომობილი ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის. ამასთან, სახიფათო ხარვეზის მქონე სატრანსპორტო საშუალებით გზაზე გადაადგილება დაუშვებელია და მისი ექსპლუატაციის შემთხვევაში მფლობელი ექვემდებარება კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
'მნიშვნელოვანი' ან 'სახიფათო' ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლის. გამოვლენილი ხარვეზები ფიქსირდება 'პტი ანგარიშში', რომლის საფუძველზეც ავტომობილის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა და შემდგომი განმეორებითი ინსპექტირების გავლა.
რა ღირს განმეორებითი ტექინსპექტირება?
ავტომფლობელებს ხშირად აინტერესებთ, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული განმეორებითი ტექინსპექტირების გავლა. საქართველოს მთავრობის №37 დადგენილების საფუძველზე, განმეორებითი ინსპექტირება ექვემდებარება საფასურის გადახდას, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტით და ერთნაირად ვრცელდება ყველა ტექინსპექტირების ცენტრზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ - დადგენილება 562, დანართი N2.
30-დღიანი და 10-დღიანი ვადები ტექინსპექტირებისას:
პირველადი ტექნიკური ინსპექტირებისას მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ავტომობილის მფლობელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 30 კალენდარული დღის ვადა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემდეგ, ან განმეორებითი ინსპექტირებისას ხარვეზის ხელახლა გამოვლენის შემთხვევაში, ავტომობილზე ვრცელდება 10-დღიანი ინსპექტირების ვადა.
10-დღიანი ვადა გულისხმობს, რომ ავტომობილის მფლობელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება ყოველ 10 კალენდარულ დღეში ერთხელ წარადგინოს ტექნიკურ ინსპექტირებაზე. თითოეული ასეთი ინსპექტირება ტარდება დადგენილი წესით და ავტომფლობელს ეკისრება სრული საფასურის გადახდა. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს მანამ, სანამ გამოვლენილი ხარვეზები სრულად არ აღმოიფხვრება და ავტომობილი არ დააკმაყოფილებს დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს.
თუ ავტომობილი აღნიშნულ პერიოდში კვლავ ვერ გაივლის ინსპექტირებას, ყოველი შემდგომი ინსპექტირება ჩატარდება პირველადი ინსპექტირების სტატუსით. ასეთ შემთხვევაში ავტომობილის მფლობელს მოუწევს სრული საფასურის გადახდა და სატრანსპორტო საშუალების სრული ტექნიკური შემოწმების გავლა.
ამასთან, თუ შემდგომი ინსპექტირებისას კვლავ გამოვლინდება ხარვეზი, ავტომობილზე აღარ გავრცელდება 30-დღიანი ვადა და მფლობელს კვლავ მოუწევს ინსპექტირების გავლა ყოველ 10 კალენდარულ დღეში ერთხელ.
კალენდარული ვადები და შედეგები:
სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა განხორციელდეს პირველადი შემოწმებისას ხარვეზების გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის ათვლა იწყება ხარვეზის დაფიქსირებისა და ინსპექტირების ანგარიშის გაცემის მომენტიდან.
დადგენილი წესები მკაცრად განსაზღვრავს ამ ვადის დარღვევის შედეგებს:
სრული ციკლის აუცილებლობა: დადგენილი 30 კალენდარულ დღიანი ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემდგომი ინსპექტირება ვეღარ განხორციელდება განმეორებითი ინსპექტირების წესით და სატრანსპორტო საშუალებაზე ტარდება ხელახალი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სრული პროცედურის დაცვით. ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი თავიდან გაივლის ყველა შესაბამისი კომპონენტის სრულ შემოწმებას, ხოლო ავტომობილის მფლობელს მოუწევს ინსპექტირების მომსახურების სრული საფასურის ხელახლა გადახდა.
სად და როგორ ტარდება განმეორებითი ინსპექტირება?
ავტომობილის წარმდგენი პირი შეზღუდული არ არის ინსპექტირების ცენტრის არჩევისას და უფლება აქვს, თავად შეარჩიოს მისთვის სასურველი ტექინსპექტირების ცენტრი.
განმეორებითი ინსპექტირება შესაძლებელია ჩატარდეს:
განმეორებითი შემოწმებისას სატრანსპორტო საშუალება არ გადის ყველა კომპონენტის სრულ ხელახალ ინსპექტირებას. ინსპექტორი ამოწმებს მხოლოდ იმ კომპონენტებს, რომლებზეც პირველადი ინსპექტირებისას ხარვეზი დაფიქსირდა და დამატებით აფასებს სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ მდგომარეობას.
ვიზუალური შემოწმების ფარგლებში შესაძლოა შემოწმდეს:
მწარმოებლის დოკუმენტაციის წარდგენის უფლება:
ცალკეულ შემთხვევებში, ავტომობილის ქარხნული კონსტრუქციის თავისებურება შესაძლოა ინსპექტირების ცენტრის მიერ ვერ იდენტიფიცირდეს და შეცდომით ხარვეზად იქნას მიჩნეული. ასეთი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ავტომობილის წარმდგენს უფლება აქვს, წარადგინოს ქარხანა-მწარმოებლის ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცემული დოკუმენტი.
დოკუმენტმა უნდა დაადასტუროს, რომ სადავო კომპონენტის მდგომარეობა სრულ შესაბამისობაშია ავტომობილის ქარხნულ საექსპლუატაციო ნორმებთან. ამგვარი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია გაითვალისწინოს იგი და გააუქმოს სადავოდ მიჩნეული ხარვეზი.