კლასიკური ავტომობილები და ტექინსპექტირება - ვის არ ეხება ინსპექტირების ვალდებულება?

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (PTI) საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების უმეტესობისთვის სავალდებულო პროცედურაა. მისი მიზანია საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სისტემა 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან ტექინსპექტირების გავლა სავალდებულო გახდა ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის. მიუხედავად ამისა, მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს რამდენიმე გამონაკლისს, რომლებზეც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულება არ ვრცელდება.

ტექინსპექტირებისგან გათავისუფლებულ კატეგორიებს მიეკუთვნება:

  • განუბაჟებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები;
  • O1 და O2 კატეგორიის მისაბმელები;
  • L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები (მოტოციკლები, ტრიციკლები და კვადროციკლები);
  • კლასიკური ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება;
  • სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დამამზადებლის მიერ განსაზღვრული მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარე 25 კმ/სთ-ს არ აღემატება;
  • ექსპლუატაციიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

კლასიკური ავტომობილი — რას ნიშნავს ეს?

კლასიკურ ავტომობილებთან დაკავშირებით ხშირად არსებობს მცდარი მოსაზრება, თითქოს 20, 25 ან 30 წლის ავტომობილი ავტომატურად კლასიკურ ავტომობილად ითვლება და ტექინსპექტირებისგან თავისუფლდება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული გამონაკლისი მხოლოდ იმ ავტომობილებზე ვრცელდება, რომელთა ასაკი 40 წელს აღემატება. შესაბამისად, 30, 35 ან 39 წლის ავტომობილებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება კვლავ სავალდებულოა.

კლასიკური ავტომობილის ასაკის მიღწევის შემთხვევაში ავტომობილის მფლობელს დამატებითი განაცხადის გაკეთება ან შესაბამისი ინფორმაციის ცალკე დაფიქსირება არ სჭირდება - მონაცემები ავტომატურად აისახება ელექტრონულ სისტემაში.

ყველა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ტექინსპექტირების გავლა აუცილებელია კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში. ინსპექტირების პერიოდულობა დამოკიდებულია ავტომობილის კატეგორიაზე, გამოშვების წელზე და დანიშნულებაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ვადის წინასწარ გადამოწმება, რათა თავიდან აიცილოთ მისი გადაცილება და შესაბამისი ადმინისტრაციული სანქციები.

ტექინსპექტირების ვადის გადამოწმება მარტივად შეგიძლიათ PTI.ge-ზე. ასევე შესაძლებელია შეხსენების ფუნქციის გააქტიურება, რომლის მეშვეობითაც სისტემა წინასწარ შეგატყობინებთ ინსპექტირების ვადის მოახლოების შესახებ და დაგეხმარებათ დროულად დაგეგმოთ ვიზიტი.

 

PTI.GE