ბოლო წლებში საქართველოში თხევადი (LPG) და ბუნებრივი აირის (CNG) სისტემებით აღჭურვილი ავტომობილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ნაწილი ავტომობილებისა ქარხნულად არის აღჭურვილი აირის სისტემით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში LPG ან CNG სისტემა ავტომობილზე მოგვიანებით, დამატებითი საწვავის სისტემის სახით მონტაჟდება. აირბალონიანი სისტემის არსებობა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას გარკვეულ დამატებით მოთხოვნებსაც გულისხმობს. პრაქტიკაში სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩნდება ყველაზე მეტი კითხვა: რა დოკუმენტებია საჭირო? როდის არის სავალდებულო აირბალონიანი სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატის წარდგენა? როგორ უნდა იყოს ტექპასპორტში ასახული საწვავის ტიპი? რა მოწმდება ინსპექტირებისას და რა შემთხვევაში შეიძლება ავტომობილმა დადებითი შეფასება ვერ მიიღოს? ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან მოთხოვნას, რომელიც LPG და CNG სისტემის მქონე ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას უკავშირდება. ასევე გაეცნობით პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ ავტომობილი ინსპექტირებისთვის სწორად მოამზადოთ და თავიდან აიცილოთ ყველაზე გავრცელებული ხარვეზები.
რა უნდა გაითვალისწინოთ ტექინსპექტირებამდე — საჭირო დოკუმენტები და მოთხოვნები
LPG ან CNG სისტემით აღჭურვილი ავტომობილის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებაზე წარდგენამდე მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხის წინასწარ გადამოწმება. იმისათვის, რომ ინსპექტირების პროცესი შეფერხების გარეშე გაიაროთ, დარწმუნდით, რომ მოწესრიგებულია როგორც აირის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ისე ავტომობილის სარეგისტრაციო მონაცემები.
აირბალონიანი სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატი
დავიწყოთ იმ დოკუმენტით, რომლის შესახებაც ავტომფლობელებს ყველაზე ხშირად უჩნდებათ კითხვები - აირბალონიანი სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატით.სერტიფიკატის მისაღებად ავტომობილზე დამონტაჟებული აირის სისტემა უნდა შემოწმდეს აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში, სადაც ფასდება მისი ტექნიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება და მოქმედ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ინსპექტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა აირბალონიანი სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ სისტემა უსაფრთხოა ექსპლუატაციისთვის და აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნული სერტიფიკატი და მასზე დატანილი ფირნიშის ბლანკი (ლურჯი შეფერილობის) ავტომფლობელმა ყოველი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს უნდა წარადგინოს ინსპექტირების ცენტრში.
გაითვალისწინეთ, რომ სერტიფიკატი გაიცემა განსაზღვრული მოქმედების ვადით, ამიტომ ტექინსპექტირებაზე მისვლამდე სასურველია გადაამოწმოთ მისი მოქმედების ვადა და დარწმუნდეთ, რომ დოკუმენტი კვლავ ძალაშია.
საწვავის ტიპის ასახვა ტექპასპორტში
ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობასაც (ტექპასპორტს). მასში სწორად უნდა იყოს მითითებული ავტომობილის საწვავის ტიპი - მაგალითად, 'ბენზინი/აირი'. თუ აღნიშნული ინფორმაცია სარეგისტრაციო მონაცემებში არ არის ასახული, მისი განახლება დაგჭირდებათ მომსახურების სააგენტოში.
რა მოხდება, თუ აირის სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატი არ მაქვს?
თუ ავტომობილზე დამონტაჟებულია აირბალონიანი სისტემა, თუმცა ინსპექტირების დროს შესაბამისი სერტიფიკატის წარდგენა ვერ მოხერხდა, ავტომობილის ტექინსპექტირებაზე წარდგენა და შემოწმების გავლა მაინც შესაძლებელია.
ასეთ შემთხვევაში გამოვლენილი შეუსაბამობა აისახება ინსპექტირების ანგარიშში და ავტომობილს შესაბამისი ხარვეზი დაუფიქსირდება. ხარვეზის აღმოფხვრისა და საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ ავტომობილი განმეორებით უნდა წარადგინოთ ინსპექტირებაზე, სადაც მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში მიიღებს დადებით შეფასებას.
ავტომობილზე გაზის სისტემა მოვხსნის შემთხვევაში, საჭიროა თუ არა ცვლილების ასახვა სარეგისტრაციო მოწმობაში(ტექ.პასპორტში)?
დიახ. ავტომობილიდან აირის სისტემა სრულად მოხსნის შემდეგ, საჭიროა სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა და საწვავის ტიპთან დაკავშირებული ინფორმაციის განახლება მომსახურების სააგენტოში.
ინსპექტირებისას ავტომობილის რეგისტრაციის მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს მის რეალურ ტექნიკურ მდგომარეობას.
როგორ მოწმდება LPG და CNG სისტემის მქონე ავტომობილი ტექინსპექტირებისას?
LPG და CNG სისტემით აღჭურვილი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ტარდება იმავე ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ვრცელდება.
განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ აირბალონიანი სისტემის არსებობის გამო დამატებით მოწმდება შესაბამისი დოკუმენტაცია და თავად სისტემის უსაფრთხოება.
ინსპექტორი ამოწმებს მოქმედ აირბალონიანი სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატს, ადარებს მასში მითითებულ მონაცემებს ავტომობილისა და დამონტაჟებული აირბალონის მონაცემებთან. ასევე, სპეციალური აირის დეტექტორის გამოყენებით მოწმდება, ხომ არ ფიქსირდება სისტემიდან აირის გაჟონვა.
ბენზინზეც და აირზეც მუშაობს შემთხვევაში, რომელი საწვავის მიხედვით მოწმდება გამონაბოლქვი (co)?
ავტომობილი, რომელიც ქარხნულად ბენზინზე მომუშავეა და მასზე მოგვიანებით დამონტაჟდა LPG ან CNG სისტემა, გამონაბოლქვის შემოწმება ხორციელდება ავტომობილის ქარხნულად განსაზღვრული საწვავის ტიპისა და შესაბამისი ნორმების მიხედვით.
ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, ავტომფლობელი ყოველდღიური გადაადგილებისას ძირითად საწვავის ტიპად დამატებით დამონტაჟებულ აირის სისტემას იყენებს, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას CO-ის (ნახშირჟანგის) მაჩვენებელი მოწმდება იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც ავტომობილის მწარმოებლის მიერ განსაზღვრულ ძრავისა და საწვავის ტიპს შეესაბამება.
ქარხნულად აირზე მომუშავე ავტომობილების ტექინსპექტირების თავისებურებები:
თუ ავტომობილი ქარხნულად სრულად აირზე მომუშავე სისტემით არის აღჭურვილი, ხშირად ჩნდება კითხვა - საჭიროა ასეთ შემთხვევაშიც აირბალონიანი სისტემის ინსპექტირების სერტიფიკატი??
პასუხი არის - დიახ, სერტიფიკატის წარდგენა აუცილებელია. ინსპექტირებისას მოწმდება შეკუმშულ ბუნებრივ აირზე (CNG) და გათხევადებულ საწვავ აირზე (LPG) მომუშავე ავტომობილზე განთავსებული აირბალონებისა და აირბალონიანი სისტემის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მოქმედი ინსპექტირების სერტიფიკატი. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ აირის სისტემა ტექნიკურად გამართულია, უსაფრთხოა ექსპლუატაციისთვის და შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება გამონაბოლქვის შემოწმებას, შეკუმშულ ბუნებრივ აირზე (CNG) და გათხევადებულ საწვავ აირზე (LPG) მომუშავე ავტომობილებზე გამოიყენება გამონაბოლქვი აირების ანალიზატორი.
ინსპექტირებისას ფასდება CO-ის (ნახშირჟანგის) შემცველობა ძრავის უქმ სვლაზე და მაღალი ბრუნვის რეჟიმში (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ). ასევე მოწმდება ხილული კვამლიანობა და მისი შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან. ისევე, როგორც ბენზინის ძრავით აღჭურვილი ავტომობილებისთვის, შეკუმშულ ბუნებრივ აირზე (CNG) და გათხევადებულ საწვავ აირზე (LPG) მომუშავე ავტომობილებისთვისაც CO-ის დასაშვები მაჩვენებელი ძრავის უქმ სვლაზე შეადგენს არაუმეტეს 0,5%-ს, ხოლო მაღალი ბრუნვის რეჟიმში - არაუმეტეს 0,3%-ს.
ქარხნულად აირზე მომუშავე ავტომობილებისთვის ლამბდას კოეფიციენტი (ჰაერი/საწვავის თანაფარდობა) არ მოწმდება და მისი კონკრეტული მნიშვნელობის დაკმაყოფილება არ მოითხოვება.